სიახლეები

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

სასახლეში ქართული კინოფილმების საღამო ჩატარდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მუსიკალურ-თეატრალურმა სტუდიამ ‘’რიბირაბო’’ და ანსამბლმა ‘’გინცი’’ ქართული კინოფილმების საღამო გამართეს. სასახლის სცენაზე სტუდიელებმა, ქართული კინომუსიკის შედევრები, კადრებით მუსიკის სინთეზში საუცხოოდ გააცოცხლეს.

მაღალი მუსიკისა და გენიალური კინო-ხელოვნების ერთობლიობით, ნორჩმა მსახიობებმა მაყურებელს კიდევ ერთხელ ჯადოსნური წუთები და დადებითი ემოციები აჩუქეს.

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

ანსამბლი ”ყილოშტყებამი” ბულგარეთში

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ყილოშტყებამი“ იმყოფებოდა ბულგარეთში, ქალაქ პლოვდიშში, საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც 8 ქვეყანა მონაწილეობდა.  „ყილოშტყებამი“ ჟიურისა და ხალხის ფავორიტი აღმოჩნდა. ანსამბლს გადაეცა სერთიფიკატი.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე მხარს უჭერს ნიჭიერი ახალგაზრდების პოპულარიზაციას. სასახლის აღსაზრდელები მუდმივად არიან საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში ჩართულნი და არაერთგზის გამარჯვებულები.

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის დამკვირვებლები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

ახალგაზრდული პროგრამებისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსმა, სალომე გარდავამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის დამკვირვებლებს: მიკკო ნილესა და ანნა ესკოლლას უმასპინძლა.

განყოფილების უფროსმა სტუმრებს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ახალგაზრდული სათათბიროს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე, განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

სკეიტ-პარკში ბოლო ზარის გამოსაშვები საღამოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, სკეიტ-პარკში ბოლო ზარის გამოსაშვები საღამოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მუსიკალურად ბენდმა “LOUDspeakers” გააფორმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ და ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარემ ილია ფიფიამ სკოლის კურსდამთავრებულებს მიმართეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.

სკეიტ-პარკში მთელი დღის განმავლობაში ახალგაზრდების მონაწილეობით სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. წარმოდგენილი იყო საუნივერსიტეტო ხეივანი, გაიმართა შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში, თამაშში ,,განძის მაძიებელი“, ფერების ფესტივალი, უკრავდა DJ RINDI.

საღამოს წამყვანები მირიან ჯეჯელავა და ნინუცა მაყაშვილი იყვნენ.

ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა, სადაც სასახლის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ.

კონცერტზე, სასახლის დირექციამ პედაგოგებს შემოქმედებით პროექტებში აქტიური, ნაყოფიერი, ინოვაციური და წარმატებული წლისთვის მადლობის სიგელები გადასცა. მადლობის სიგელები გადაეცა, სასახლის კურსდამთავრებულებს. მათ გაიხსენეს სასახლეში შემოსვლის პირველი დღეები და საყვარელ პედაგოგებს დაუღალავი შრომისთვის, სიყვარულისთვის და მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადეს.

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

პრემიერა – მიუზიკლი „ლორაქსი“

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალურ-თეატრალურმა სტუდიამ „რიბირაბო“ პატარა თაობის ერთ-ერთი უსაყვარლესი მიუზიკლის „ლორაქსი“ პრემიერა გამართა.

მიუზიკლის მხატვრულმა დეკორაციებმა და მხიარულმა სიმღერებმა, კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩინა ბავშვებისათვის საყვარელი ზღაპრის გმირების ისტორიები.

სპექტაკლში ამბავი სიკეთის გამარჯვებით დასრულდა, სადაც მთავარი გზავნილი ბუნების დაცვა და მოფრთხილებაა.

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

პოეტი თემურ ელიავა სტუმრად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბს ‘’სარკმელი’’ ყველასთვის გამორჩეული, უნიჭიერესი პოეტი თემურ ელიავა სტუმრობდა.

პოეზიის ჰანგებით დატვირთული საღამო, სადაც პოეტმა თავისი შემოქმედებიდან არაერთი ლექსი წაუკითხა გულშემატკივარს სასიამოვნო გარემოში ჩატარდა.

პოეტმა, დამსწრე საზოგადოებას ყველასთვის საყვარელი სიმღერა ‘’ბებერო გადია’’ უმღერა და მათი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსი სალომე გარდავა ბელგიაში

6 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსი, სალომე გარდავა ბელგიაში Europe Goes Local ორგანიზებით გამართულ ტრენინგზე იმყოფება.

მოდულური ტრენინგი Go For Change მიზნად ისახავს, ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული მუშაობის მხარდაჭერას.

დღეს, ტრენინგის მონაწილეები, ქალაქ კორტრიკის მერს რუთ ვანდენბერგეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მერმა, ახალგაზრდულ მუშაკებს ახალგაზრდული მიმართულებით ქალაქის სტრატეგია გააცნო.

ივნისის თვეში ჯგუფი ფინეთს ესტუმრება.

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

“ძმები მოსიების” სახელობის ფესტივალში ქორეოგრაფიული ანსამბლი “მტრედები” მონაწილეობდა

დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი “მტრედები”, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში გამართულ “ძმები მოსიების” სახელობის ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალში მონაწილეობდა.

ფესტივალზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩაერთო ქორეოგრაფიული ანსამბლები და მაყურებლის წინაშე რამდენიმე ნომერი წარადგინა.

ღონისძიების დასასრულს, ფესტივალის ორგანიზატორებმა, ანსამბლ “მტრედების” ხელმძღვანელი გურგენ სამუშია დიპლომით და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირი, ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი “ოდიში”-ს (ფესტივალის დირექტორი: რომეო ბულია) ორგანიზებით ჩატარდა.

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

26 მაისისადმი მიძღვნილი საქალაქო ღონისძიება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძ­ღვ­ნილ ღონისძიებაში, დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები ტრადიციულად ჩაერთვნენ და მაყურებელს მრავალფეროვანი რეპერტუარი შესთავაზეს.

ქალაქში, დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი.

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

“city game – კოქტეილი 2022”

დღეს, ახალგაზრდული სათათბიროს განათლების კომიტეტის ორგანიზებით, “სკეიტ პარკში” “city game – კოქტეილი 2022” ჩატარდა.

“City game – კოქტეილი 2022” მიზანია, ახალგაზრდებში გუნდურობის, თვითგადარჩენის, ლიდერული უნარ-ჩვევების, ჯანსაღი ცხოვრებისა და არაფორმალური განათლების განვითარება და ხელშეწყობა.

ცნობისთვის, ახალგაზრდული სათათბიროს განათლების კომიტეტი აღნიშნულ აქტივობას ტრადიციულად, ყოველ წელიწადს ატარებს.

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში საბა ჯანჯღავას ფილმის ”1878” ჩვენება გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჟურნალისტთა კლუბმა „სარკმელი“ (ხელმძღანელი: ნანი მოსიძე) ზუგდიდელი ახალბედა რეჟისორის ფილმი : „ 1878“ წარუდგინა მაყურებელს.

ნორჩმა რეჟისორმა, სიყვარულის ისტორია 11 წუთში მოაქცია. მოქმედება ზუგდიდში ვითარდება და მასში ზუგდიდელი ახალგაზრდა მსახიობები: მარიამ გოგუა და გიორგი ქადარია მონაწილეობენ.

ფილმის დასასრულს, თავად რეჟისორმა პუბლიკასთან ფილმის შესახებ ისაუბრა და სიუჟეტები განიხილა.

ცნობისთვის, საბა ჯანჯღავა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის კინოთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია. საბა ბავშვობიდან, მოსწალე-ახალგაზრდობის სასახლელი გახლავთ.

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღინიშნა.

ღონისძიება სახელწოდებით „ჩვენი ფერადი სამყარო“ სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა ასფალტი ცარცებით მოხატეს.

ინტელექტ-კლუბის ხელმძღვანელმა, ჯენეტ ქვარცხავამ კი ბავშვებს სახალისო კითხვები შესთავაზა.

პანტომიმის დასი შთამბეჭდავი ნომრით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

ასევე, მუსიკალურ-თეატრალური წრის “რიბარაბოს” აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს თამაშში „ფლეილისთი“ და დღე სახალისოდ გაატარეს.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული სათათბირო და შ.პ.ს „აპაჩი“.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

მუსიკალურმა ბენდმა ” ზუგდიდი” პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

დღეს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ორგანოზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მუსიკალურად მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალურმა ბენდმა, ‘’ზუგდიდი’’ გააფორმა და პატარებს მრავალფეროვანი რეპერტუარით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ასევე, ბოტანიკურ ბაღში შეხვდებოდით ზღაპრის გმირებს, რომლებმაც პერსონაჟები გააცოცხლეს და სასიამოვნო განწყობით შესთავაზეს პატარებს უამრავი სიურპრიზი და გასართობი-შოუ პროგრამა.

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღე

„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ინტელექტკლუბის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია თოდუამ ლექცია-სემინარი ჩაატარა.

პედაგოგმა, პოემიდან სხვადასხვა სტროფი და ეპიზოდი გაარჩია. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის ისტორია, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია უნიკალური პოემის ირგვლივ და კიდევ ერთხელ ესაუბრათ‘’ვეფხისტყაოსნის’’ მნიშვნელობაზე მსოფლიო ლიტერატურაში.

გარდა ამისა, სტუმრებს ახალგაზრდა ჟურნალსტთა კლუბის ხელმძღვანელმა ქალბატონმა, ნანი მოსიძემ „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი დაათვალიერებინა, რომელიც 1937 წლის საიუბილეო გამოცემაა, წიგნის ილუსტრაციები კი სერგო ქობულაძის მიერ არის ილუსტრირებული.

ცნობისთვის, 2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა.

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

მუსიკალურ-თეატრალური სტუდია ‘’რიბირაბო’’ – კონცერტი

5 ივლისს, მუსიკალურ-თეატრალური სტუდია ‘’რიბირაბო’’ მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა.

კონცერტი ორ ეტაპად ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა ნორჩი სტუდიელებისა და ანსამბლ ‘’გინცის’’ სოლისტების მიერ შესრულებული ქართულ-მეგრული და უცხოური სიმღერები.